ცნობილი კულინარი


“ჩუმად, ჩვენ ვამზადებთ” – პოლ ბოკუზი


საფრანგეთში, ლიონის ახლოს, რესტორან “კოლონჟ-ო მონ-დორ”-ის სამზარეულოს კარებზე ჰკიდია აბრა წარწერით: “ჩუმად, ჩვენ ვამზადებთ”. ამ სიტყვების ავტორი, რესტორნის მფლობელი, ლეგენდარული შეფ-მზარეული პოლ ბოკუზია. ამ რესტორანში ერთი ადამიანის  ჩვეულებრივი სადილი 250 დოლარი ჯდება, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ გაგიმართლებთ და საერთოდ მოხვდებით იქ, რადგან, თითქმის ნახევარი წლით ადრე იკავებენ მაგიდებს .
“საუკუნის შეფ-მზარეული”, “ კულინარიის პაპი”_ასე უწოდეს პოლ ბოკუზს. იგი დაიბადა 1926 წლის 11 თებერვალს, ლიონის ახლოს, სოფელ კოლონჟ ო მონ-დორ-ში. კულინარობა ბოკუზების ოჯახის ტრადიცია იყო. პოლის დიდ ბაბუას საკუთარი რესტორანიც ჰქონდა, რომელიც შემდეგ გაყიდა, მოგვიანებით კი პოლმა ისევ გამოისყიდა.  ახალგაზრდა პოლი 16 წლის ასაკში ლიონის ერთ-ერთ რესტორანში იწყებს ამ საქმის უკეთ შესწავლას. სამი წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის გამო, სწავლის შეწყვეტა მოუხდა. პოლი დე გოლის განმათავისუფლებელ არმიას შეუერთდა და ომში წავიდა. ალზასთან დაჭრეს კიდეც, თუმცა ამერიკელებმა უმკურნალეს და 1945 წელს, პარიზში საზეიმო აღლუმშიც მონაწილეობდა. ბოკუზის თქმით, ეს მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო.
მშობლიურ მხარეში დაბრუნების შემდეგ, ბოკუზი განაგრძობს სწავლას ლიონის ერთ რესტორანში, სადაც, კერძების კეთების გარდა სხვა საქმეებსაც ითავსებს: უვლის ბოსტანს, ძროხებს, რეცხავს და ალაგებს.  რამდენიმე წელიწადში ის ცნობილი მზარეულის, “ახალი ფრანგული კულინარიის” დამფუძნებლის,  ფერნან პუანის მოსწავლე ხდება, სწორედ მასთან ეუფლება პროფესიულ უნარ-ჩვევებს, საიდუმლოებებს და ამთავრებს სწავლას. მიღებული ცოდნა და გამოცდილება  საკუთარ რესტორანში გამოიყენა. წარმატებაც მალე ეწვია: ჯერ წლის აღმოჩენად დაასახელეს, მალე მიშლენის პირველი ვარსკვლავიც მიიღო, რომელიც მეორე წელსვე გააორმაგა. 1965 წელს კი უმაღლესი სარესტორნო შეფასების, მიშლენის სამი ვარსკვლავის მფლობელი გახდა. მას შემდეგ, უკვე 50 წელზე მეტია, სახელი ბოკუზი გასტრონომიული სრულყოფილების სინონიმად იქცა.
პოლ ბოკუზი, სხვა ცნობილ კულინარებთან ერთად ე.წ. ახალი კულინარიის Nouvelle cuisine-ის დამფუძნებელია, რაც გულისხმობს მხოლოდ ახალი პროდუქტების გამოყენებას, ინგრედიენტების ბუნებრივი გემოს ხაზგასმას, რეცეპტების სიმარტივეს და მძიმე სოუსებზე უარის თქმას.
კულინარიის გარდა, ბოკუზი ღვინის წარმოებითაც დაინტერესდა და ბოჟოლეში ვენახი შეიძინა.
1975 წელს, პოლ ბოკუზი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვეს. ამ მოვლენისადმი მიძღვნილ საზეიმო სადილზე, ელისეს სასახლეში, მან ტრიუფელების სუპი მოამზადა და პრეზიდენტ ვალერი ჟისკარ დ’ესტენის პატივსაცემად V.G.E.  უწოდა. შემდეგ ეს სუპი მისი რესტორნების მენიუში ერთ-ერთ მთავარ კერძად  შევიდა.
1987 წელს ბოკუზი საპატიო ლეგიონის ოფიცერი გახდა. იმავე წელს მან პრესტიჟული  საერთაშორისო კულინარიული კონკურსი, “ოქროს ბოკუზი” დააარსა, რომელსაც მზარეულებისთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც ოსკარს მსახიობებისთვის, ან ოლიმპიურ მედალს სპორტსმენებისთვის. იგი ასევე ხელმძღვანელობს უმაღლეს კულინარიულ სკოლას, ევროპელი კულინარების ასოციაციას,  წერს წიგნებს და აქტიურად მონაწილეობს ტელეგადაცემებშიც. 2004 წელს პოლ ბოკუზს საპატიო ლეგიონის კომანდორის წოდება მიენიჭა.
დიეტებით და ჯანსაღი კვებით გატაცებულნი მის კერძებზე ხშირად ამბობენ უარს, თუმცა ეს დიდ მზარეულს არ ანაღვლებს. “მე ექიმი არ ვარ, – ამბობს ის, – თუ მკითხავენ, სასარგებლოა თუ არა წითელი ღვინო, ვიტყვი რომ არის, რადგან მე ბოჟოლეში ვაზი მაქვს, თუ მკითხავენ რა არის მთავარი კულინარიაში, ვუპასუხებ რომ კარაქი, ნაღები და ღვინო, იმიტომ რომ მე მზარეული ვარ”.

ასეთი წარმატებული კარიერის პარალელურად, ბოკუზი პირადი ცხოვრებისთვისაც იცლიდა. ცნობილია, რომ მას ერთი ოფიციალური ცოლი და ორი საყვარელი ჰყავდა, ერთ-ერთის შვილმა, რომელიც შეფ-მზარეულმა საკუთარივით გაზარდა, მასზე წიგნიც დაწერა, სადაც ბოკუზი გულახდილად ყვება ისტორიებს თავისი პირადი ცხოვრებიდან. მაგაალითად, ამ წიგნიდან ვიგებთ, რომ ამ სამი ქალის გარდა, ბოკუზი სხვა ქალებთანაც სიამოვნებით ურთიერთობდა. თავად იხსენებს ამერიკელ გასტრონომიის კრიტიკოსს, რომელსაც მისი ჟურნალის ყდაზე გამოჩენის სანაცვლოდ, მასთან დაწოლას შეჰპირდა. რამდენიმე კვირაში მისი ფოტო მართლაც ამშვენებდა ცნობილი ჟურნალის ყდას, შეფ-მზარეულს კი, როგორც თავად ამბობს, თავისი სიტყვის შესრულება მოუხდა.
თავისი მდიდარი ბიოგრაფიის გათვალისწინებით, პოლ ბოკუზი აღიარებს, რომ ცხოვრებაში მართლაც ბევრს მიაღწია. კითხვაზე, თუ როგორ ესმის მას ცნობილი ფრანგული გამოთქმა “ცხოვრების ხელოვნება”, იგი პასუხობს, რომ, ისე უნდა ისიამოვნოთ ცხოვრებით, თითქოს ხვალ კვდებოდეთ და ისე უნდა იმუშაოთ, თითქოს ასი წლის შემდეგ კვდებოდეთ”.
 

No comments:

Post a Comment